logo
ENG



The Financial Times: რუსეთი უკრაინის "დენაციფიკაციას" და "დემილიტარიზაციას" აღარ ითხოვს

29 მარ 202202:02
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/29/1mwwd1tx9ya6lz7.png
ფოტო: Reuters

The Financial Times-ი ოთხს წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა მოლაპარაკებების ფარგლებში მოთხოვნები შეცვალა, კერძოდ - უკრაინის "დენაციფიკაციას" აღარ ითხოვს და მზად არის ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მისცეს. 

წყაროების თქმით, სანაცვლოდ უკრაინამ უნდა დადოს პირობა, რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყვის და თავის ტერიტორიებზე მესამე ქვეყნის ჯარებს არ განათავსებს, ასევე თავს შეიკავებს ბირთვული იარაღის დამზადებისგან

თავის მხრივ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს, რომლებსაც ხელს მოაწერს - აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, იტალია, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და თავად რუსეთი. 

მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ მოსკოვი და კიევი სამხედრო მოქმედებების შეჩერებას განიხილავენ. 

როგორც The Financial Times-ის წყაროები აცხადებენ, დოკუმენტის პროექტში არაფერი წერია რუსეთის სამ პირვანდელ პუნქტზე: "დენაციფიკცია", "დემილიტარიზაცია" და უკრაინაში რუსული ენის სტატუსი. 

აღსანიშნავია, რომ ხვალ სტამბოლში უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. 

როგორც ფრაქცია ხალხის მსახურის ლიდერმა და უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა დავით არახამიამ The Financial Times განუცხადა, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს და ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება. 

კიდევ ერთი წყაროს თქმით, უკრაინა შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი თითქმის ყოველდღე ცვლის თავის პოზიციას, როგორც სამხედრო ზეწოლის, ისე კიევის "დემილიტარიზაციის" თვალსაზრისით.


close დახურვა